კურსდამთავრებულთა კვლევისა და ჩართულობის სისტემების განვითარების პროექტი

22 ოქტ 2026
news

 

ათასწლეულის ფონდი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის და თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის მხარდაჭერით, იწყებს ახალ პროექტს „უმაღლესი და პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა კვლევისა და ჩართულობის სისტემები საქართველოში“.

პროექტის მიზანია საქართველოს უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში კურსდამთავრებულთა კვლევისა და ალუმნებთან (კურსდამთავრებულებთან) თანამშრომლობის მდგრადი სისტემების შექმნა და განვითარება.

ახალი პროექტი მონაწილე საგანმანათლებლო დაწესებულებებს დაეხმარება თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული კურსდამთავრებულთა მართვის სისტემების დანერგვაში და განათლებასა და შრომის ბაზარს შორის კავშირის გაძლიერებაში.

პროექტის ფარგლებში შემუშავდება:

  • კურსდამთავრებულთა კვლევის ერთიანი მეთოდოლოგია და სტანდარტიზებული კითხვარები;
  • მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ინსტრუმენტები;
  • კურსდამთავრებულთა შედეგების ანალიტიკური სისტემა;
  • კურსდამთავრებულთა მონაცემთა ბაზებისა და ალუმნებთან (კურსდამთავრებულებთან) თანამშრომლობის მოდელები;
  • ინსტიტუციური სახელმძღვანელოები და პრაქტიკული რეკომენდაციები.

პროექტში მონაწილე უნივერსიტეტებისა და კოლეჯების წარმომადგენლებისთვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრები და სემინარები. მათ გაეწევათ პრაქტიკული დახმარება მონაცემთა ბაზების შექმნის, კურსდამთავრებულთა გამოკითხვის, მიღებული ინფორმაციის ანალიზისა და შედეგების ინსტიტუციურ გადაწყვეტილებებში გამოყენების პროცესში.

ათი ბენეფიციარი დაწესებულება ჩაატარებს კურსდამთავრებულთა საპილოტე კვლევებს, რომელთა საფუძველზეც მომზადდება ინსტიტუციური ანგარიშები და გამოვლინდება კურსდამთავრებულთა დასაქმების, პროფესიული განვითარების, განათლებით კმაყოფილებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის ძირითადი ტენდენციები.

ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულების დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, განათლების პოლიტიკის განვითარებას მონაცემებსა და რეალურ შედეგებზე დაყრდნობით და საქართველოში განათლებასა და ეკონომიკას შორის კავშირის გაძლიერებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით, ტელ.: 591 21 82 82 ან მეილზე: tvet@millennium.org.ge