ათასწლეულის ფონდი 2019 წელს შეიქმნა და მისი მისიაა საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარება. ფონდი ახორციელებს პროექტების ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში ინდუსტრიასთან, საჯარო და კერძო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით. ფონდის მიზანია განათლების ინტერნაციონალიზაციის გზით ქვეყანაში მაღალი კვალიფიკაციის სამუშაო ძალის განვითარების ხელშეწყობა.

ფონდის საქმიანობა ეფუძნება ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტის ფარგლებში შესრულებულ სამუშაოს.  კომპაქტი აშშ-სა და საქართველოს შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომლის ფარგლებში 2014-2019 წლებში საქართველოში განხორციელდა პროექტები ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში გრანტის ჯამური ბიუჯეტით 140 მილიონი აშშ დოლარი

ფონდი ხელმძღვანელობს საერთაშორისოდ აღიარებული გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების პრინციპებით.

ათასწლეულის ფონდის მისიაა ხელი შეუწყოს კომპაქტის ფარგლებში მიღებ ული შემდეგი შედეგების მდგრადობას:

  • სრულად რეაბილიტირდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 91 საჯარო სკოლა 40 ათასამდე მოსწავლისთვის,
  • შემუშავდა საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის პოლიტიკა და სამოქმედო გეგმა,
  • 20 ათასზე მეტმა განმანათლებელმა (მასწავლებელი და სკოლის დირექტორი) გაიარა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი კურსი,
  • აღიჭურვა პროფესიული კოლეჯები და შემუშავდა 51 ახალი, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლების პროგრამა,
  • საქართველოში შემოვიდა აშშ-ის ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო უნივერსიტეტი - სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და 600-მდე სტუდენტმა საქართველოში მიიღო ამერიკული განათლება და დიპლომი.
  • ქვეყანაში პირველად სამ პარტნიორ უნივერსიტეტში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - დაინერგა აშშ-ში აკრედიტებული საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამები საბუნებისმეტყველო და საინჟინრო დარგებში.

კომპაქტის შედეგების დეტალური ანგარიში იხილეთ შემდეგ ბმულზე2014-2019 წლებში საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის განხორციელების ანგარიში