ათასწლეულის ფონდის ახალი პროექტი პედაგოგებისთვის - STEM მენტორების კურსი

18 ოქტ 2021
news

ათასწლეულის ფონდმა, საქართველოში აშშ-ის საელჩოს საგრანტო პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ახალი პროექტი - „STEM მენტორების კურსი" დაიწყო, რომლის მიზანია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) სფეროებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და მასწავლებლებისთვის თანამედროვე სწავლების მეთოდოლოგიის გაცნობა. პროექტში მონაწილეობისთვის 450 მსურველიდან 40 პედაგოგი შეირჩა, საქართველოს ყველა რეგიონიდან.

ექვს-თვიან ონლაინ სასწავლო კურსზე მსმენელები შეისწავლიან საგანმანათლებლო STEM პროექტების კონსტრუირებას და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების და კომპიუტერული პროგრამირების საფუძვლებს, ღია კომპიუტერული პლატფორმა ARDUINO-ს გამოყენებით.

ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე აცხადებს: "ჩვენი ფონდის მისიაა ხელი შევუწყოთ STEM დარგებით ახალი თაობის დაინტერესებას და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. სწორედ ამ მიზნით, ვიწყებთ ახალ საგანმანათლებლო კურსს პედაგოგებისთვის, სადაც მონაწილეები გაეცნობიან თანამედროვე სწავლების მეთოდოლოგიას და ვირტუალური რესურსებისა და სიმულატორების გამოყენებით, შეძლებენ STEM პროექტების შექმნას, მოსწავლეებთან ერთად. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ პედაგოგებს უკეთ აითვისონ მუდმივად განვითარებადი ახალი ტექნოლოგიები, გაიუმჯობესონ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზაციის უნარი და რაც მთავარია, შეძლონ ახალგაზრდებში სამეცნიერო-ტექნიკური შემოქმედების უნარების ჩამოყალიბება".

კურსს პროფესორი დავით სონღულაშვილი, თავის ორ კოლეგასთან - უტა კილასონია და მარეხი მაზნიაშვილთან ერთად გაუძღვება.

როგორც დავით სონღულაშვილი აცხადებს, სკოლაში სწავლის მიზანი უნდა იყოს მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ ლოგიკური და შემოქმედებითი აზროვნება, გაუჩნდეთ მაღალი ტექნოლოგიების დაუფლების ინტერესი, რათა შეძლონ დამოუკიდებელი პროექტების შექმნა და საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გამდიდრება.

„ვიმედოვნებთ, ამ კურსის გავლის შემდეგ, პედაგოგები შექმნიან ისეთ სასწავლო გარემოს, სადაც მოსწავლეები შეძლებენ ექსპერიმენტების ჩატარებას, კვლევას, შემოქმედებით მოღვაწეობას და ანალიზის მეთოდით, ინტუიციაზე და საზრიანობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას. მომავალი, შაბლონების მსხვრევით იქმნება, ყოველგვარი ინოვაცია, გამოგონება თუ აღმოჩენა შაბლონების დანგრევაა. მეცნიერება ეს არის არსებული ცოდნის მეშვეობით ახალი ცოდნის შეძენა. ჩვენი მიზანი ამ კურსზე სწორედ ეს გახლავთ - ვასწავლოთ პედაგოგებს თუ როგორ ასწავლონ მოსწავლეებს ისეთი რამის დანახვა, რასაც სხვა ვერ ხედავს, რათა მოსწავლეებში ახალი იდეების განხორციელების სურვილმა გაიღვიძოს ", - აცხადებს დავით სონღულაშვილი.

პროექტში ჩართული ყველა მსმენელი მიიღებს STEM სწავლებისთვის საჭირო აღჭურვილობას, კონკრეტულად ARDUINO Kits, რაც მათ დაეხმარება კურსის უკეთ ათვისებაში, ხოლო კურსის დასრულების შემდეგ, აღნიშნული დანადგარის გამოყენებას შეძლებენ მოსწავლეებთან საკლასო ოთახში.

კურსის ბოლოს, მსმენელები მონაწილეობას მიიღებენ პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაში, რომელიც პროექტის პარტნიორ უნივერსიტეტში - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება, სადაც კურსის მონაწილეობის შედეგად შექმნილ საკუთარ პროექტებს წარმოადგენენ.