ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულები საერთაშორისო საზაფხულო პროგრამებიდან დაბრუნდნენ

11 სექტ 2026
news

 

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2025 წლის გამარჯვებულებმა აშშ-სა და შვეიცარიაში გამართულ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში მიიღეს მონაწილეობა. სამი გამარჯვებული გუნდის წევრები NASA-ს კოსმოსური პროგრამის სიმულაციებს გაეცნენ, სტენფორდის უნივერსიტეტის კამპუსზე ტექნოლოგიური ცოდნა გაიღრმავეს და CERN-ის წამყვანი სამეცნიერო ექსპერიმენტები შეისწავლეს.

საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობა კონკურსის მთავარი პრიზია და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, საკუთარი ინტერესები რეალურ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ გარემოში განავითარონ, იმუშაონ პრაქტიკულ პროექტებზე და უკეთ გაეცნონ STEM სფეროებში განათლებისა და კარიერის შესაძლებლობებს.

მარსის მისია NASA-ს კოსმოსურ ცენტრში

კონკურსში პირველ ადგილზე გასულმა გუნდმა „კლასტერები“ აშშ-ში, ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში, Space Center University-ის „Martian Expedition“ პროგრამაში მიიღო მონაწილეობა.

Space Center Houston NASA-ს ჯონსონის კოსმოსური ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამები რეალური კოსმოსური კვლევებითა და მისიებით არის შთაგონებული და ახალგაზრდებს მეცნიერების, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების პრაქტიკული შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. „Martian Expedition“ სპეციალურად 15-18 წლის ახალგაზრდებისთვისაა შექმნილი და მარსის კვლევასთან დაკავშირებულ საინჟინრო გამოწვევებს აერთიანებს.

პროგრამის ფარგლებში ქართველმა მოსწავლეებმა:

·       შექმნეს მარსის ჰაბიტატის პროტოტიპი და დაგეგმეს მისი წყლით, ჰაერითა და ენერგიით უზრუნველყოფა;

·       დააპროგრამეს და მართეს რობოტული როვერები მარსის ზედაპირიდან ნიმუშების შესაგროვებლად;

·       შეასრულეს რეალური კოსმოსური მისიების მსგავსი საინჟინრო დავალებები;

·       მონაწილეობდნენ ასტრონავტთა მომზადების სიმულაციებში;

·       სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით, წყალქვეშ მიკროგრავიტაციის პირობებთან მიახლოებული სავარჯიშოები გაიარეს;

·       შეისწავლეს წყალქვეშა კომუნიკაციისთვის გამოყენებული სიგნალები და გუნდურად შეასრულეს ინსტრუქტორის დავალებები.

პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა პრაქტიკულ სწავლებას, ექსპერიმენტებს, გუნდურ მუშაობას, პრობლემების გადაჭრასა და რთულ გარემოში გადაწყვეტილებების მიღებას. ამ გამოცდილებამ მოსწავლეებს დაანახა, როგორ შეიძლება სამეცნიერო იდეა ტექნოლოგიურ გადაწყვეტად იქცეს, ხოლო მიღებული ცოდნა რეალური პრობლემების გადასაჭრელ ინსტრუმენტად.

ტექნოლოგიური სწავლება სტენფორდის კამპუსზე

მეორე ადგილზე გასულმა გუნდმა „არმო“, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით, აშშ-ში, სტენფორდის უნივერსიტეტის კამპუსზე გამართულ iD Tech-ის საზაფხულო ბანაკში მიიღო მონაწილეობა.

iD Tech ბავშვებისა და მოზარდებისთვის განკუთვნილი საერთაშორისო ტექნოლოგიური საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც ახალგაზრდებს პროგრამირების, ხელოვნური ინტელექტის, რობოტიკის, თამაშების შექმნისა და ციფრული დიზაინის მიმართულებებს აცნობს. საზაფხულო ბანაკი მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის - სტენფორდის - კამპუსში იმართება და ტექნოლოგიურ სწავლებას საუნივერსიტეტო გარემოს გაცნობასთან აერთიანებს.

პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა პროგრამირებასა და კომპიუტერულ მეცნიერებაში, ხელოვნურ ინტელექტსა და მონაცემთა ანალიზში, ინჟინერიასა და რობოტიკაში, თამაშების შექმნასა და 3D მოდელირებაში.

მათ ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ სტენფორდის საუნივერსიტეტო გარემოსა და სილიკონ ველის ინოვაციურ ეკოსისტემას, ემუშავათ საერთაშორისო მონაწილეებთან და ჩართულიყვნენ გუნდურ საგანმანათლებლო აქტივობებში. პროგრამამ მოსწავლეებს არა მხოლოდ ახალი ტექნოლოგიური უნარები შესძინა, არამედ აჩვენა, როგორ შეიძლება იდეის განვითარება, პროტოტიპის შექმნა და ტექნოლოგიური გადაწყვეტის რეალურ პროდუქტად გარდაქმნა.

სამეცნიერო მოგზაურობა შვეიცარიაში

მესამე ადგილზე გასული გუნდი „Risk Trackers“, ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, სასწავლო ვიზიტით შვეიცარიაში იმყოფებოდა. პროგრამა მოიცავდა ვიზიტებს CERN-ში ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში, ჟენევის უნივერსიტეტში, შვეიცარიის სამეცნიერო ცენტრ Technorama-სა და გაეროს ჟენევის ოფისში.

CERN მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო ცენტრია, სადაც მეცნიერები მატერიის ფუნდამენტურ სტრუქტურასა და სამყაროს წარმოშობას იკვლევენ. ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის სამეცნიერო განათლების ხელმისაწვდომობას.

CERN-ში ქართველმა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ლაბორატორიულ სემინარში და გაეცნენ დიდი ადრონული კოლაიდერის ორ უმნიშვნელოვანეს ექსპერიმენტს - ALICE-სა და CMS-ს. ALICE-ის საშუალებით მეცნიერები ადრეული სამყაროს მდგომარეობას იკვლევენ, ხოლო CMS წარმოადგენს CERN-ის ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობას, რომელშიც მსოფლიოს ათობით ქვეყნის მეცნიერები და ინჟინრები მონაწილეობენ.

ჟენევის უნივერსიტეტში მოსწავლეებისთვის გაიმართა ხელოვნური ინტელექტის, პროგრამირების, ასტრონომიისა და ბიოფოტონიკის თემებზე პრაქტიკული ვორქშოპები. უნივერსიტეტში ვიზიტმა ახალგაზრდებს თანამედროვე კვლევითი გარემო და საერთაშორისო აკადემიური კარიერის შესაძლებლობები გააცნო.

Technorama-ში კი მონაწილეებმა მეცნიერება ინტერაქტიული ექსპერიმენტების საშუალებით შეისწავლეს. Technorama შვეიცარიის უმსხვილესი სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრია, სადაც დამთვალიერებლებს ბუნებრივი მოვლენებისა და ტექნოლოგიური პროცესების უშუალოდ გამოცდა შეუძლიათ. ცენტრის მიზანია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართ ცნობისმოყვარეობის გაღვივება და ექსპერიმენტული სწავლების ხელშეწყობა.

გაეროს ჟენევის ოფისში ვიზიტისას მოსწავლეები გაეცნენ საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობას, მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და იმ გლობალურ გამოწვევებს, რომელთა გადაჭრაშიც მეცნიერებასა და ტექნოლოგიებს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.

 

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 13-17 წლის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. მონაწილეები ქმნიან ინოვაციურ პროექტებს კოსმოსისა და ავიაციის, რობოტიკის, მობილური ტექნოლოგიების, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მიმართულებით.

2025 წელს კონკურსში საქართველოს ყველა რეგიონიდან 101 გუნდი და 337 მოსწავლე მონაწილეობდა. მონაწილე სკოლების 72% საჯარო, ხოლო 28% კერძო სკოლა იყო. მოსწავლეთა 53% რეგიონებს, 47% კი თბილისს წარმოადგენდა. მონაწილეთა შორის 54% გოგონა და 46% ვაჟი იყო. კონკურსის ფინალურ ეტაპზე 12 საუკეთესო გუნდი გადავიდა.

საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობამ გამარჯვებულებს მისცა შესაძლებლობა, საკლასო ოთახში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენებინათ, ემუშავათ თანამედროვე ტექნოლოგიებთან და ახლოს გაცნობოდნენ მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო და საგანმანათლებლო გარემოს.

ახალმა ცოდნამ, საერთაშორისო კონტაქტებმა და მიღებულმა გამოცდილებამ კიდევ უფრო გააძლიერა ახალგაზრდების მოტივაცია, მომავალში განათლება და პროფესიული კარიერა მეცნიერებას, ტექნოლოგიებს, ინჟინერიასა და ინოვაციებს დაუკავშირონ.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://millennium.org.ge/geo/projects/mia/9