ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულები აშშ-ში NASA-ს სასწავლო ცენტრს სტუმრობდნენ

07 სექტ 2022
news

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდების, „მედეორის" და „ელფების" წევრები აშშ-ში, ნასას კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში იღებდნენ მონაწილეობას.

ერთი კვირის განმავლობაში, ჰიუსტონის ჯონსონის კოსმოსური ცენტრის ოფიციალურ ვიზიტორთა ცენტრში, ახალგაზრდა გამომგონებლები დეტალურად გაეცნენ ნასას საქმიანობას, შეხვედნენ ნასას კოსმონავტებს და მეცნიერებს და აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა პროტოტიპების შექმნაში.

„პანდემიის გამო, გამარჯვებული გუნდები ორი წელი ელოდნენ ნასაში გამგზავრებას. აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით და მხარდაჭერით, წელს გამარჯვებულმა გუნდებმა, ჯამში ათმა მონაწილემ აშშ-ში, ნასას უნიკალურ პროგრამაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მათ ჰქონდათ შესაძლებლობა დეტალურად გაცნობოდნენ ნასას საქმიანობას და ინფორმაცია უშუალოდ ნასას მეცნიერებისგან და თანამშრომლებისგან მიეღოთ. ათასწლეულის ფონდი აგრძელებს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ორგანიზებას, რათა უფრო მეტ ახალგაზრდას მივცეთ ეს უნიკალური შესაძლებლობა", - აღნიშნა ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებმა დაათვალიერეს ნასას ცენტრის ყველაზე საინტერესო და ისტორიული ადგილები, კერძოდ აპოლო 11-ის მისიის საკონტროლო ცენტრი. კრისტოფერ კრაფტის მისიის საკონტროლო ცენტრი ის ადგილია, საიდანაც ნასას გუნდი აკვირდებოდა აპოლო 11 მოგზაურობას მთვარეზე. მონაწილეებმა, ასევე დაათვალიერეს კოსმონავტების რეალური გადამზადების ცენტრი, სხვადასხვა ლაბორატორიები და სიმულაციების ოთახები.

კვირის კულმინაციას წარმოადგენდა ნასას ყოფილ ასტრონავტთან, მარკ პოლენსკისთან შეხვედრა. მარკ პოლანსკი 13.5 წელი აშშ-ის საჰაერო ძალებში მსახურობდა, ნასას კოსმონავტი 1996 წლიდან გახდა. მას სამი მოგზაურობა აქვს შესრულებული კოსმოსში, სადაც ჯამში 1000 საათამდე გაატარა. მარკ პოლანსკიმ მონაწილეებს მისი კარიერის შესახებ მოუყვა, თუ რა გზა გამოიარა ნასას ასტრონავტობამდე, რა იყო ყველაზე რთული დასაძლევი კოსმოსში და რისი ეშინოდა ყველაზე მეტად.

მონაწილეებმა იხილეს Saturn V რაკეტა, რომელიც სრულად აღდგენილია და შედგება რეალური ფრენისთვის სერთიფიცირებული ნაწილებისა და ტექნიკისგან. მონაწილეებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს ასტონავტების მომზადების სავარჯიშო და უწონადობის სიმულაციიის შეგრძნებისთვის, წყალქვეშ რამდენიმე დავალება შეასრულეს.

მონაწილეები შეხვდნენ პროფესორ ტეს კასველს, რომელმაც მონაწილეებს მოუყვა HERA-ს პროგრამის შესახებ, რომელიც დედამიწაზე შექმნილი კოსმოსური ჰაბიტატის ანალოგია. პროფესორმა კასველმა HERA-ზე სამ კოლეგასთან ერთდ ერთი თვე იცხოვრა და მონაწილეობდა კვლევაში, რომელიც ასტრონავტების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას იკვლევს დახურულ და სტრესულ სიტუაციებში.

კვირის განმავლობაში ახალგაზრდა გამომგონებლებმა სხვადასხვა დავალებაზე იმუშვეს, კერძოდ შექმნეს კოსმოსური რაკეტის მინი-მაკეტის კონსტრუქცია და მარსზე ასტრონავტებისთვის საჭირო ჰაბიტატი, ასევე ააწყვეს მარსმავალი რობოტი და მის კოდირებასა და პროგრამირებაზე იმუშავეს.

„ეს ერთი კვირა იყო ის განუმეორებელი გამოცდილება, რომელსაც ვერ წარმოვიდგენდით ოდესმე თუ მივიღებდით. ამ ერთ კვირაში მივიღეთ უამრავი ცოდნა, შეხება გვქონდა უამრავ ძალიან ჭკვიან და ჩვენთვის სამაგალითო ადამიანებთან. შევხვდით როგორც კოსმონავტებს, ისე იმ ადამიანებს, რომლის სახელებიც სამწუხაროდ არ სჩანს ხოლმე რაკეტის გაფრენის დროს. ყველას გირჩევთ რომ მიიღოთ მონაწილეობა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში, შექმნათ გუნდი, გაიცნოთ ახალი ხალხი, განავითაროთ თქვენი თავი, თქვენი იდეები და ვინ იცის, იქნებ ხვალ თქვენც აქ აღმოჩდნეთ" - აცხადებენ მონაწილეები.

კვირის ბოლოს, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულებს საზეიმოდ გადაეცათ პროგრამის დასრულების სერთიფიკატები და ჯილდოები.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება. კონკურსში მონაწილე გუნდები წარმოადგენენ მათ მიერ შექმნილ პროექტებს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში, ისეთი მიმართულებებში როგორიცაა: კოსმოსი და ავიაცია; რობოტექნიკა; მობილური ტექნოლოგიები და აპლიკაციები; გარემოს დაცვა; ჯანდაცვა და კვება. კონკურსში დღეისათვის 2.500-მდე მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული.