ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2022 წლისთვის გამოცხადდა

14 თებ 2022
news

ათასწლეულის ფონდი აცხადებს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს 2022 წლისთვის. პირველ ადგილზე გასული გუნდი 2023 წლის ზაფხულში გაემგზავრება NASA-ში, აშშ-ში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდები, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ STEM ბანაკებში და/ან დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს, რომლებიც დაბადებულნი არიან 2005 წლის 2 აპრილიდან - 2009 წლის 1 აპრილის პერიოდში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია გუნდურად; გუნდში წევრების მინიმალური რაოდენობაა ორი, ხოლო მაქსიმალური - ხუთი. კონკურსში მონაწილე გუნდები წარმოადგენენ მათ მიერ შექმნილ პროექტებს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში, ისეთი მიმართულებებში როგორიცაა: კოსმოსი და ავიაცია; რობოტექნიკა; გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები; გარემოს დაცვა; ჯანდაცვა და კვება.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება. კონკურსში დღეისათვის ორი ათასზე მეტ მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული.

კონკურსის ტრადიციული პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) და საქპატენტი. 2022 წლიდან, კონკურსის ოფიციალური პარტნიორი გახდა ლიბერთი ბანკი. კონკურსი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მიზანია, ეროვნული კონკურსის საშუალებით, გამოავლინოს სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი სამი გამარჯვებული გუნდი, რომლებიც წარმოადგენენ ინოვაციურ პროექტებს ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დარგებში. კონკურსანტების პროექტებს შეაფასებს დამოუკიდებელი ჟიური.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში, რაც გაზრდის მათ მოტივაციას აღნიშნულ დისციპლინებში მიიღონ განათლება და დაეუფლონ მომავლის პროფესიებს.

კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. შევსებული განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 25 მარტი. კონკურსის პირობები და განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.