ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ განხორციელებულმა პროექტებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარების საქმეში

18 ოქტ 2023
news

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის (გრანტი) ფარგლებში, საქართველოში განხორციელებული პროექტების შედეგების პრეზენტაცია გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში 2013-2019 წლებში განხორციელებული პროგრამების შედეგები და შეფასებები.

კვლევებმა ცხადყო, რომ კომპაქტის მიზნები ყველა მიმართულებით წარმატებულად შესრულდა, კომპაქტის შედეგებმა კი მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლების განცხადებით, საქართველოში აშშ-ს მთავრობის მიერ განხორციელებული კომპაქტი ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად არის აღიარებული.

„კომპაქტის განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვის, როგორც აშშ-ის, ასევე საქართველოს მთავრობებს და ყველა იმ ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციას, რომლებიც აქტიურად მუშაობდნენ საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელი მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების საქმეში." - აღნიშნავს ათასწლეულის ფონდის დირექტორი მაგდა მაღრაძე.

კომპაქტის შედეგად, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 91 საჯარო სკოლას და ყველა რეაბილიტირებული სკოლა აღიჭურვა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიით, რის შედეგადაც სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 45,000-ზე მეტი მოსწავლისათვის, სკოლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა კომფორტი და უსაფრთხოება, რამაც დადებითი გავლენა იქონია მოსწავლეების სწავლის შედეგებზე.

საქართველოში 20 ათასამდე STEM მასწავლებელმა და საჯარო სკოლის დირექტორმა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი კურსი გაიარა. ტრეინინგებიდან ორი წლის თავზე, ყველა მასწავლებელი აცხადებს, რომ ფლობს საჭირო ცოდნას მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების დანერგვისთვის, მოსწავლეთა კრიტიკული უნარების განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშესაწყობად.

პროფესიული განათლების მიმართულებით, შეიქმნა თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი 70-ზე მეტი ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორებში. აღნიშნული პროგრამების კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი 15%-ით მაღალია ეროვნულ ნიშნულთან შედარებით, აგრეთვე მათი შემოსავალი 12-13%-ით აღემატება ანალოგიური პროგრამების სხვა კურსდამთავრებულების შემოსავლის საშუალო მაჩვენებელს. აღსანიშნავია, კერძო-საჯარო პარტნიორობის მოდელი, რომელიც კომპაქტის შედეგად დაინერგა პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში.

პირველად საქართველოს ისტორიაში, აშშ-ის უნივერსიტეტმა - სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა სამ პარტნიორ სახელმწიფო უნივერსიტეტთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) თანამშრომლობით დაიწყო აშშ-ში აკრედიტებულ საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამები, რომელსაც უკვე 525 კურსდამთავრებული ჰყავს.

კომპაქტის მხარდაჭერით, საქართველოს სამი პარტნიორი უნივერსიტეტის საინჟინრო და საბუნებისმეტყველო პროგრამებმა - ოთხმა საბაკალავრო STEM პროგრამამ, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს აკრედიტაცია (ABET) და ამერიკის ქიმიური საზოგადოების (ACS) სერტიფიცირება მოიპოვეს. პარტნიორი უნივერსიტეტები დამატებით იმ შვიდ საბაკალავრო პროგრამაზე გეგმავენ საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებას, რომლებიც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის კომპაქტის ფარგლებში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაიწყო.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის დასრულებიდან სამი წლის განმავლობაში, ამერიკული კვლევითი ორგანიზაციები (Mathematica Policy Research და Rand Corporation) დეტალურად აფასებდნენ თუ რა გავლენა იქონია ამერიკულმა ინვესტიციამ საქართველოს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორზე.

პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, აშშ-ს საელჩოს, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლები, აგრეთვე პროგრამაში ჩართული უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებები და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები.