ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის შედეგად განხორციელებული ზოგადი განათლების პროექტები წარმატებულად შეფასდა

01 აგვ 2023
news

ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ „მათემატიკა" (Mathematica) აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაკვეთით, საქართველოში განხორციელებული მეორე კომპაქტის (გრანტი) ზოგადი განათლების პროექტების შედეგების შეფასების კვლევა წარმოადგინა. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განხორციელებული ზოგადი განათლების ორი პროექტი წარმატებით შეფასდა და შედეგად დონორის მიერ განსაზღვრული ყველა ძირითადი ინდიკატორი შესრულდა.

კვლევის პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის, აშშ-დან ჩამოსული აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის, სხვადასხვა პარტნიორი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელები და ათასწლეულის ფონდის თანამშრომლები ესწრებოდნენ. კვლევითი ორგანიზაციის „მათემატიკა" წარმომადგენლებმა საჯარო სკოლების რეაბილიტაციის და მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტების კვლევები და შეფასება წარმოადგინეს.

შეფასებებმა გამოავლინა, რომ რეგიონში არსებული საჯარო სკოლების რეაბილიტაციის შედეგად:

  • - სასწავლო ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა 91 სამიზნე სკოლაში 40,000-ზე მეტი მოსწავლისთვის. შედეგად, სრულად რეაბილიტირდა სასკოლო შენობები; გარემონტდა საკლასო ოთახები, დამონტაჟდა ახალი ელექროგანათების და ცენტრალური გათბობის სისტემები; გაუმჯობესდა საკლასო ოთახებში არსებული ტემპერატურა და ჰაერის ხარისხი; სრულად რეაბილიტირდა ან აშენდა სანიტარული კვანძები; მოეწყო სამეცნიერო ლაბორატორიები.
  • - ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა სკოლაში ყოფნის პერიოდში კომფორტი და უსაფრთხოება, ასევე გადაიჭრა საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესში არსებული მრავალი დაბრკოლება.
  • - მოსწავლეთა შედეგებზე პოზიტიური გავლენა დაფიქსირდა სკოლების რეაბილიტაციიდან მესამე, მეოთხე და მეხუთე წელს.

მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის შედეგად:

  • - საქართველოს საჯარო სკოლის დირექტორები (დაახლოებით 2,000 დირექტორი) და საბაზისო-საშუალო საფეხურის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკის, ინგლისურისა და გეოგრაფიის საგნების მასწავლებლები (დაახლოებით 18,000 მასწავლებელი) გადამზადდა გრძელვადიანი სასწავლო პროგრამის (ტრენინგების) შედეგად.
  • - ტრენინგებში მონაწილეობიდან ორი წლის შემდეგ, პრაქტიკულად ყველა მონაწილე აცხადებს, რომ ფლობს საჭირო ცოდნას მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების დანერგვისთვის.
  • - ტრეინინგის მონაწილეები თვლიან, რომ ტრეინინგის შემდგომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს მოსწავლეთა კრიტიკული უნარების განვითარებისა და თანამშრომლობის წახალისებისკენ მიმართული მიდგომები.

„აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში, რომელიც 2013-19 წლებში ხორციელდებოდა, ჯამში 73 მილიონი დოლარი დაიხარჯა ზოგადი განათლების პროექტისთვის. ვამაყობთ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით გაუმჯობესდა სასწავლო გარემო საქართველოს 40,000-ზე მეტი მოსწავლისთვის, მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და სამეცნიერო ლაბორატორიების მოწყობა-აღჭურვის უზრუნველსაყოფად 91 სამიზნე სკოლაში. ამასთანავე, საბუნებისმეტყველო, ინგლისური ენისა და მათემატიკის საგნების პედაგოგებს და სკოლის დირექტორებს მიეცათ საშუალება პროფესიული განვითარების გრძელვადიანი კურსის გავლის შედეგად აემაღლებინათ ცოდნა და განევითარებინათ ახალი უნარები. პროექტი მიზნად ისახავდა ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობას და მოხარული ვართ, რომ ჩვენი საქმიანობა ასე დადებითად შეფასდა დამოუკიდებელი შემფასებელი ორგანიზაციის მიერ", - განაცხადა ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის დასრულებიდან სამი წლის განმავლობაში, კვლევითი ორგანიზაცია „Mathematica" დეტალურად აფასებდა თუ რა გავლენა იქონია ამერიკულმა ინვესტიციამ საქართველოს ზოგადი განათლების სექტორზე, განსაკუთრებით სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამის შედეგად.

როგორც აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის შეფასებების ხელმძღვანელი ჯენი ჰაინცი აღნიშნავს „საქართველოში განხორციელებული კომპაქტის შედეგები მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა. სამომავლო პროგრამების დაგეგმვის დროს, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია გაითვალისწინებს იმ წარმატებულ გამოცდილებას, რაც საქართველოში დაგროვდა."