აირჩიე შენი მომავალი პროფესია - პროფესიული განათლების ღია კარის დღეები თბილისსა და რეგიონებში

26 ივლ 2021
news

ათასწლეულის ფონდმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან თანამშრომლობით, პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით საინფორმაციო კამპანია - „აირჩიე შენი მომავალი პროფესია" დაიწყო, რომლის ფარგლებში პირველი ღონისძიება, ღია კარის დღე სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში გაიმართა.

ღონისძიებას დაესწრნენ ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის გენერალური დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი, საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები და კოლეჯის ადმინისტრაცია.

„ჩვენი მიზანია საზოგადოებამ, სტუდენტებმა, აბიტურიენტებმა და მშობლებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ იმ მნიშვნელოვანი ახალი პროფესიული განათლების პროგრამების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს გარანტირებულ დასაქმებას და შრომის ბაზრის მოთხოვნებს პასუხობს. გადავწყვიტეთ ღია კარის დღეების კამპანია სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯიდან დაგვეწყო. ეს კოლეჯი არის აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის გრანტის მიმღები და კერძო-საჯარო პარტნიორობის თვალსაჩინო მაგალითი დღეს საქართველოში, ასევე ჩვენი ფონდის მიერ განხორციელებული პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს წინა წლების გამარჯვებული", - განაცხადა მაგდა მაღაძემ, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.

„პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ქვეყნის ეკონომიკისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. სწორედ ამას ემსახურება პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო, რომელიც გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. ამ კონკურსის ფარგლებში, ტარდება ღია კარის დღეები, რათა მოსწავლე-ახალგაზრდები გაეცნონ ქვეყნის მასშტაბით თუ რა კოლეჯები, რა პროფესიული პროგრამები და დასაქმების შესაძლებლობები არსებობს", - განაცხადა ზურაბ კერვალიშვილმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის გენერალურმა დირექტორმა.

ღია კარის დღეების ფარგლებში, დაინტერესებულ მოსწავლეებს და აბიტურიენტებს საშუალება აქვთ გაიარონ კონსულტაცია სხვადასხვა კოლეჯში როგორც თბილისში, ასევე ფოთსა და ბათუმში.
პროფესიული განათლების პროგრამებზე რეგისტრაცია 20 აგვისტომდე გრძელდება. პროფესიული განათლების მიღების მსურველს რეგისტრაციის გავლა შეუძლია კოლეჯებში, საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ან ონლაინ შემდეგ ვებგვერდზე - www.vet.emis.ge.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერით, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი 62 ახალი პროფესიული განათლების პროგრამა შეიქმნა საინჟინრო, სამშენებლო, საზღვაო, ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ავიაციისა და სოფლის მეურნეობის დარგებში. სასწავლებლები ასევე, აღიჭურვა თანამედროვე ლაბორატორიებით და სასწავლო სიმულატორებით. აღნიშნულ პროგრამებს უკვე 2,000-მდე კურსდამთავრებული ჰყავს.